Legal
მომსახურების პირობები
ვერსია 1.0 · ძალაშია 21 სექ 2026

1. მხარეები და პირობების მიღება

1.1. ვეტმენი არის ვეტერინარული კლინიკის, მაღაზიის, თავშესაფრისა და ცხოველთა სასტუმროს მართვის ონლაინ პლატფორმა. მომსახურების მიმწოდებელია შპს ტელვო, საიდენტიფიკაციო ნომერი 205218334, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, II კვარტალი, კორპუსი 17, ბინა 12 (შემდგომ „ჩვენ“). ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია კონტაქტის გვერდიდან.

1.2. ეს პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას ჩვენსა და იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს შორის, რომელიც ვეტმენში ორგანიზაციის ანგარიშს ქმნის ან მომსახურებას იძენს (შემდგომ — „ორგანიზაცია“). ორგანიზაციის თანამშრომელი, კონსულტანტი და სხვა ავტორიზებული მომხმარებელი ამ პირობებსა და ორგანიზაციის შიდა წესებს ექვემდებარება.

1.3. პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით იღებს პირობებს, ადასტურებს, რომ ამის უფლებამოსილება აქვს. ელექტრონულად დაფიქსირებული მიღება ხელშეკრულების დადების დასტურია.

1.4. მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილია მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება. ჩვენი, როგორც პასუხისმგებელი პირის, საქმიანობა აღწერილია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

1.5. ამ პირობების 7-ე და 9-ე მუხლებით განსაზღვრული წვდომისა და გამოყენების წესები ასევე ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პლატფორმას, საჯარო ვებგვერდს, სერვერს, API-ს ან მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას რეგისტრირებული ანგარიში. სხვა მუხლები ასეთ პირზე ვრცელდება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შესაბამისია მისი ურთიერთობის ხასიათისთვის და კანონით დასაშვებია.

2. ანგარიში და უსაფრთხოება

2.1. ორგანიზაცია პასუხისმგებელია თავისი მომხმარებლების მოქმედებებზე, როლებისა და წვდომების სწორად განაწილებაზე და ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების დაცვაზე.

2.2. თითოეული ანგარიში ერთ ადამიანს ეკუთვნის. საერთო ანგარიშის ან სხვისთვის პაროლის გადაცემა დაუშვებელია. ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოს ანგარიშის შესაძლო კომპრომეტირების შესახებ.

2.3. ორგანიზაციას შეუძლია კონკრეტულ ჩანაწერზე წვდომა მისცეს გარე კონსულტანტს ან შექმნას გაზიარების ბმული. წვდომის მინიჭების კანონიერებაზე, მის ფარგლებსა და გაუქმებაზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია.

2.4. Google-ით შესვლა ნებაყოფლობითია. სოციალური ავტორიზაციის პროვაიდერის საკუთარ მომსახურებაზე მისი პირობები ვრცელდება. ვეტმენში პაროლით შესვლა და პაროლის აღდგენა კვლავ ხელმისაწვდომია.

3. საცდელი პერიოდი

3.1. თუ შეთავაზება ითვალისწინებს საცდელ პერიოდს, მისი ხანგრძლივობა და პირობები ნაჩვენებია რეგისტრაციისას. საცდელი პერიოდი ელფოსტის დადასტურების შემდეგ იწყება.

3.2. საცდელ პერიოდში შეიძლება მოქმედებდეს ტევადობის ან ფუნქციური შეზღუდვები, მათ შორის ფასიანი გარე მომსახურებების, მათ შორის SMS-ის, გამორთვა.

3.3. საცდელი ან გადახდილი პერიოდის დასრულების შემდეგ ანგარიშმა შეიძლება გაიაროს სრული წვდომის, საშეღავათო, მხოლოდ ნახვისა და დახურული რეჟიმები. კონკრეტული ვადები ჩანს ანგარიშში, შეთავაზებაში ან ინვოისში. გადახდის დადასტურების შემდეგ შესაბამისი წვდომა აღდგება.

4. ფასი, გამოწერა და გადახდა

4.1. მოქმედი ფასი, პაკეტის შემადგენლობა, არჩეული მოდულები, ტევადობა, გადახდის პერიოდი და გადასახადების ჩათვლით გადასახდელი ჯამი ორგანიზაციას ეჩვენება შეკვეთის დადასტურებამდე და ინვოისში.

4.2. გამოწერა შეიძლება იყოს ყოველთვიური ან წლიური. წლიური ფასი გამოითვლება მოქმედი შეთავაზებით; ამჟამად იგი შეადგენს შესაბამისი ყოველთვიური ფასის ათმაგ ოდენობას.

4.3. გადახდა სრულდება ინვოისის საფუძველზე საბანკო გადარიცხვით. ვეტმენი არ იღებს და არ ინახავს საბანკო ბარათის მონაცემებს. გადახდა შესრულებულად ითვლება მას შემდეგ, რაც თანხა აისახება მითითებულ ანგარიშზე და გადახდა დადასტურდება.

4.4. ფასის ცვლილების შესახებ მოქმედ მომხმარებელს ვატყობინებთ სულ მცირე 30 დღით ადრე. ცვლილება უკვე გადახდილ პერიოდზე არ ვრცელდება.

4.5. გადაუხდელობისას შეგვიძლია შევზღუდოთ ახალი მონაცემის დამატება ან ანგარიში დროებით დავხუროთ. ინვოისში ან ანგარიშში მითითებული გადახდისა და საშეღავათო ვადები უპირატესია.

4.6. უკვე დაწყებული პერიოდის საფასური, როგორც წესი, არ ბრუნდება, გარდა კანონით სავალდებულო შემთხვევისა ან ჩვენი წერილობითი შეთანხმებისა.

5. მომსახურება და მხარდაჭერა

5.1. მომსახურებას ვაწვდით გონივრული პროფესიული ძალისხმევით, თუმცა უწყვეტ ან შეცდომებისგან სრულად თავისუფალ მუშაობას ვერ ვიძლევით გარანტიად. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაო ან საგანგებო ინციდენტი შეიძლება დროებით ზღუდავდეს წვდომას.

5.2. მხარდაჭერის მოთხოვნა მიიღება კონტაქტის გვერდიდან. თუ ცალკე მომსახურების დონის შეთანხმება (SLA) არ გვაქვს გაფორმებული, პასუხის ან აღდგენის ფიქსირებული ვადა არ მოქმედებს.

5.3. დემო გარემო და უფასო საცდელი ფუნქციები მიეწოდება ხელმისაწვდომობის გარანტიის გარეშე.

6. ორგანიზაციის მონაცემები

6.1. ორგანიზაციის მიერ შეტანილი მონაცემი ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ რჩება. მას ვამუშავებთ ორგანიზაციის დავალებით, მომსახურების გასაწევად, DPA-ს შესაბამისად.

6.2. ორგანიზაცია პასუხისმგებელია მონაცემის შეგროვებისა და დამუშავების კანონიერ საფუძველზე, სუბიექტის ინფორმირებაზე, მონაცემის სისწორეზე და არასაჭირო მონაცემის წაშლაზე.

6.3. ორგანიზაციის მონაცემს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნებისთვის არ ვიყენებთ. მონაცემი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მომსახურებისთვის საჭირო ქვე-დამმუშავებელს, ორგანიზაციის დავალებით მოქმედ მიმღებს ან კანონით უფლებამოსილ ორგანოს.

6.4. ხელშეკრულების დასრულებისას ორგანიზაციას შეუძლია წერილობით მოითხოვოს მისთვის ხელმისაწვდომი მონაცემის დაბრუნებაში დახმარება ან წაშლა. წაშლა სრულდება კანონით სავალდებულო შენახვის, ტექნიკური შესაძლებლობისა და ბექაფების ციკლის გათვალისწინებით.

7. დასაშვები გამოყენება

7.1. დაუშვებელია პლატფორმის გამოყენება უკანონო მიზნისთვის, სხვისი უფლებების დარღვევისთვის, მავნე კოდის გასავრცელებლად, სპამისთვის ან პლატფორმის ან სხვა მომხმარებლის მუშაობის შესაფერხებლად.

7.2. ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ პირს ეკრძალება:

  • a. პლატფორმის, საჯარო ვებგვერდის, სერვერის, ქსელის, API-ს ან სხვა ინფრასტრუქტურის სკანირება, ზონდირება, პორტების სკანირება, მოწყვლადობის შეფასება, პენეტრაციის ტესტირება, უსაფრთხოების მექანიზმების გამოცდა ან დაცვის გვერდის ავლის მცდელობა;
  • b. ბოტის, crawler-ის, spider-ის, scraper-ის, სკრიპტის ან სხვა ავტომატური საშუალების გამოყენებით მონაცემის, ტექსტის, გამოსახულების, ფასის, ინტერფეისის ელემენტის, სტრუქტურის, სამუშაო პროცესის ან სხვა ინფორმაციის მასობრივი ან სისტემატური შეგროვება, ჩამოტვირთვა, ინდექსირება ან კოპირება;
  • c. დაფარული მისამართის, endpoint-ის, API-მეთოდის, მონაცემთა სქემის, ფაილის, ადმინისტრაციული გვერდის, ანგარიშის, პაროლის, ტოკენის, API-გასაღების ან სხვა დაშვების მონაცემის აღმოჩენა, გამოცნობა ან ავტომატური გადარჩევა;
  • d. სხვისი ანგარიშის, სესიის, ტოკენის, API-გასაღების ან სხვა საიდენტიფიკაციო საშუალების გამოყენება;
  • e. უნებართვო დატვირთვის ტესტის ან ისეთი მოთხოვნების და ავტომატური ოპერაციების განხორციელება, რომლებიც არღვევს, აფერხებს, გადატვირთავს ან საფრთხეს უქმნის პლატფორმის ან მისი ინფრასტრუქტურის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას;
  • f. ამ მოქმედებების მესამე პირის დავალებით განხორციელება ან მესამე პირისთვის შესაბამისი ინფორმაციის, პროგრამული საშუალების, ანგარიშის ან ტექნიკური დახმარების მიწოდება.

7.3. 7.2 მუხლი არ ზღუდავს პლატფორმის ჩვეულებრივ გამოყენებას სტანდარტული ბრაუზერით, კეთილსინდისიერი საძიებო სისტემის მიერ საჯარო გვერდების ინდექსირებას robots.txt-ის, გამოქვეყნებული მითითებებისა და ტექნიკური შეზღუდვების დაცვით, ან ჩვენ მიერ წინასწარ წერილობით ნებადართულ უსაფრთხოების შემოწმებას. კანონით სავალდებულო გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.

7.4. დარღვევის, უსაფრთხოების რისკის ან კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში შეგვიძლია შესაბამისი წვდომა დაუყოვნებლივ და დროებით შევზღუდოთ. არსებითი ან განმეორებითი დარღვევა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია და არ ზღუდავს კანონით გათვალისწინებული დაცვის სხვა საშუალებების გამოყენებას.

8. კლინიკური ინსტრუმენტები

8.1. დოზის კალკულატორი, ურთიერთქმედებისა და უკუჩვენების შემოწმება, საცნობარო ინტერვალები, კლინიკური კატალოგები და ავტომატურად მომზადებული ტექსტი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტებია.

8.2. ეს ინსტრუმენტები არ ცვლის ვეტერინარი ექიმის პროფესიულ გადაწყვეტილებას. დიაგნოზის, დანიშნულების, მკურნალობისა და პაციენტის შედეგის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის პროფესიონალსა და ორგანიზაციას.

8.3. ავტომატური გამოთვლა, ფინანსური შედეგი, მარაგის ნაშთი, ანგარიში ან სხვა გენერირებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს შეცდომას. მომხმარებელმა გადაწყვეტილებამდე უნდა გადაამოწმოს იგი.

9. ინტელექტუალური საკუთრება

9.1. პლატფორმა და მისი პროგრამული კოდი, არქიტექტურისა და მონაცემთა სტრუქტურის კონკრეტული რეალიზაცია, მომხმარებლის ინტერფეისი, ვიზუალური დიზაინი, ტექსტი, გრაფიკული ელემენტი, დოკუმენტაცია, ალგორითმი, სამუშაო პროცესისა და ბიზნესლოგიკის კონკრეტული რეალიზაცია, სავაჭრო ნიშანი და ჩვენ მიერ შექმნილი სხვა მასალა (ერთობლივად „დაცული ელემენტები“) ეკუთვნის შპს ტელვოს ან შესაბამის ლიცენზიარს.

9.2. გამოწერის ვადით ორგანიზაცია იღებს შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, არაგადაცემად და გაუქმებად უფლებას, გამოიყენოს მომსახურება მხოლოდ საკუთარი საქმიანობისთვის. პლატფორმაზე წვდომა ორგანიზაციას ან სხვა პირს არ გადასცემს საკუთრების, საავტორო ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას.

9.3. ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე აკრძალულია:

  • a. პლატფორმის ან დაცული ელემენტის მთლიანად ან ნაწილობრივ კოპირება, რეპროდუცირება, შეცვლა, თარგმნა, ადაპტირება, წარმოებული ნამუშევრის შექმნა, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება, ლიცენზირება, გადაცემა ან მესამე პირისთვის ხელმისაწვდომად გახდომა, გარდა ჩვეულებრივი და ნებადართული გამოყენებისა;
  • b. პლატფორმის უკუინჟინერია, დეკომპილაცია, დისასემბლირება, საწყისი კოდის ან ტექნიკური აგებულების მოპოვების მცდელობა, გარდა კანონით პირდაპირ დაშვებული შემთხვევისა და ფარგლებისა;
  • c. პლატფორმაზე წვდომის, დაცული ელემენტის, არაჯარო ინფორმაციის, ეკრანული ფორმის, სამუშაო პროცესის, მონაცემთა მოდელის, ტექნიკური გადაწყვეტის, დოკუმენტაციის ან ბიზნესლოგიკის კონკრეტული რეალიზაციის გამოყენება კონკურენტი ან არსებითად მსგავსი პროდუქტის დასაპროექტებლად, შესაქმნელად, შესაძენად, შესამოწმებლად, გასაუმჯობესებლად ან სხვაგვარად მოსამზადებლად;
  • d. მესამე პირისთვის, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ან კონკურენტი ორგანიზაციისთვის, დახმარების გაწევა წინა ქვეპუნქტით აღწერილ საქმიანობაში, მათთვის წვდომის, ანგარიშის მონაცემის, არაჯარო დოკუმენტაციის, სისტემური აღწერილობის, ეკრანის სურათის ან ჩანაწერის ან სხვა დაცული ინფორმაციის გადაცემის გზით;
  • e. პლატფორმის სისტემატური შესწავლა, დოკუმენტირება, ბენჩმარკინგი ან შედარებითი ანალიზი მისი დაცული ელემენტის, კონკრეტული რეალიზაციის ან არაჯარო სამუშაო პროცესის რეპროდუცირების ან კონკურენტ პროდუქტში გამოყენების მიზნით;
  • f. საავტორო უფლების, სავაჭრო ნიშნის ან საკუთრების შესახებ სხვა აღნიშვნის წაშლა, დამალვა ან შეცვლა.

9.4. 9.3 მუხლი არ ვრცელდება ორგანიზაციის საკუთარ მონაცემზე, კანონიერად საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე ან გადაწყვეტაზე, რომლის დამოუკიდებლად შექმნასაც შესაბამისი პირი სათანადო მტკიცებულებით დაადასტურებს და რომლის შექმნისას არ გამოუყენებია პლატფორმის დაცული ელემენტი ან არაჯარო ინფორმაცია. კანონით სავალდებულო გამონაკლისი მოქმედებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.

9.5. მესამე მხარის წყაროს ან კატალოგის გამოყენებაზე შეიძლება დამატებითი სალიცენზიო პირობები ვრცელდებოდეს. ასეთი მასალის პლატფორმის გარეთ გავრცელება დაუშვებელია, თუ შესაბამისი ლიცენზია ამას პირდაპირ არ უშვებს.

9.6. ორგანიზაცია პასუხისმგებელია, რომ მისი თანამშრომელი, კონსულტანტი და სხვა ავტორიზებული პირი ამ მუხლს იცავდეს. ასეთი პირის დარღვევა ჩაითვლება ორგანიზაციის დარღვევად.

9.7. ორგანიზაციის სახელსა და ლოგოს საჯარო რეკლამაში მხოლოდ მისი წინასწარი თანხმობით გამოვიყენებთ.

9.8. ამ მუხლის ვალდებულებები მომსახურების დასრულების შემდეგაც მოქმედებს იმ ვადით, რა ვადითაც შესაბამისი ობიექტი დაცულია კანონით ან ინფორმაცია ინარჩუნებს არაჯარო ხასიათს.

10. პასუხისმგებლობა

10.1. კანონით დაშვებულ ფარგლებში მომსახურება მიეწოდება „როგორც არის“ და „როგორც ხელმისაწვდომია“. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ორგანიზაციის მიერ შეტანილ არასწორ მონაცემზე, უნებართვო წვდომის მინიჭებაზე ან ავტომატური შედეგის გადაუმოწმებლად გამოყენებაზე.

10.2. კანონით დაშვებულ ფარგლებში არც ერთი მხარე აგებს პასუხს არაპირდაპირ ან თანმდევ ზიანზე, მიუღებელ მოგებაზე ან რეპუტაციულ ზიანზე.

10.3. ჩვენი ჯამური სახელშეკრულებო პასუხისმგებლობა არ აღემატება იმ თანხას, რომელიც ორგანიზაციამ ზიანის გამომწვევ მოვლენამდე ბოლო 12 თვეში გადაიხადა. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა კანონით დაუშვებელია, მათ შორის განზრახი ქმედების შემთხვევაში.

11. ვადა და შეწყვეტა

11.1. ხელშეკრულება ძალაში შედის პირობების მიღებისას და მოქმედებს ანგარიშის ან გამოწერის შეწყვეტამდე.

11.2. ორგანიზაციას შეუძლია აღარ განაახლოს გამოწერა ან შეწყვეტა მოითხოვოს კონტაქტის გვერდიდან. უკვე გადახდილი პერიოდი, თუ სხვაგვარად არ შევთანხმდით, ბოლომდე მოქმედებს.

11.3. შეგვიძლია ხელშეკრულება შევწყვიტოთ არსებითი დარღვევის, გადაუხდელობის, უსაფრთხოების სერიოზული რისკის, კანონიერი მოთხოვნის ან მომსახურების შეწყვეტის გამო. როცა გარემოება გვაძლევს ამის საშუალებას, წინასწარ ვატყობინებთ და დარღვევის გამოსწორების გონივრულ შესაძლებლობას ვაძლევთ.

12. ცვლილებები

12.1. დოკუმენტის თითოეულ ვერსიას აქვს ნომერი და ძალაში შესვლის თარიღი. ძველი ვერსიები ხელმისაწვდომია სამართლებრივი დოკუმენტების არქივში.

12.2. არსებითი ცვლილების შესახებ ორგანიზაციას, როგორც წესი, ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე ვატყობინებთ. როცა ცვლილება ახალ მიღებას მოითხოვს, მომსახურების გაგრძელებამდე უფლებამოსილ ადმინისტრატორს ახალი ვერსიის მიღება მოეთხოვება.

13. მოქმედი სამართალი და დავა

13.1. ხელშეკრულებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.

13.2. მხარეები დავის მოლაპარაკებით გადაწყვეტას შეეცდებიან. შეთანხმების მიუღწევლობისას დავას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი სასამართლო.

14. კონტაქტი

შპს ტელვო · ს/ნ 205218334 საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, II კვარტალი, კორპუსი 17, ბინა 12 კონტაქტის გვერდი

ტექსტის ანაბეჭდი: 4594513e66a3f49b6a53840b73c9d72a5b0e8a44be9e12318026eae0cb3ef9fe
სამართლებრივი დოკუმენტები · სისტემაში დაბრუნება